English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ცოტნე იაშვილი
მწვანე ეკონომიკის ძირითადი ასპექტები და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ბოლო რამდენიმე ათეული წელია მწვანე ეკონომიკის საკითხები უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ის აქციოს განვითარების მთავარ სტრატეგიად, მათ შორის  არის საქართველოც.

მწვანე ეკონომიკაზე მსჯელობა XX ს. 90-იანი წლებიდან იწყება. შემდგომში მწვანე ეკონომიკის კონცეფცია უფრო განვითარდა და დაემატა „მწვანე ზრდის“ კონცეფცია, რაშიც იგულისხმება მწვანე ეკონომიკაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მწვანე ეკონომიკა  გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებასთნ ერთად არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საშუალება, ასევე იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს ეკონომიკაში. ამიტომ საჭიროა მთავრობის და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ჩართულობა და ინვესტიციების განხორციელება.

უნდა აღინიშნოს რომ მწვანე ეკონომიკას აქვს თავისი მოქმედების სფეროები და ეკონომიკის სექტორები, სადაც ის ყველაზე ეფექტიანია. ექსპერტების აზრით გამოიყოფა შემდეგი სექტორები: განახლებადი ენერგია, მწვანე შენობები, სუფთა ტრანსპორტი, წყლის მართვა, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ქვეყანა გამოაცხადებს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას გაანალიზებულ იქნას მისი როლი და გავლენა ეკონომიკაზე. ზოგადად მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მწვანე ეკონომიკაზე მსჯელობისას აუცილებელია რამდენიმე მაკროეკონომიკური დონის გამოყოფა:

  • პირველი შეეხება თაობებს შორის ურთიერთშეთანხმების საკითხს იმაზე, თუ როგორ იქნება გადანაწილებული მთლიანი კეთილდღეობა;
  • მეორე, იმ გავლენის შესწავლა და გათვალისწინებაა, რომლის მიხედვითაც გარემოს დეგრადაციას გავლენა აქვს ერთობლივ მიწოდებაზე, ხოლო გარემოსდაცვით ღონისძიებებს კი, როგორც მიწოდებაზე, ასევე ერთობლივ მოთხოვნაზე;
  • მესამე საკითხი შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რაც ასევე დაკავშირებულია მწვანე ზრდასთან. ეკონომიკური ზრდის ფაქტორი ხშირად და მეტწილად არის სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში. არსებობს მოსაზრება, რომ მწვანე ეკონომიკა, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ასპექტით, განხილული უნდა იყოს როგორც ტექნოლოგიური რევოლუცია ან/და თუნდაც ინდუსტრიული რევოლუცია;
  • მეოთხე და საბოლოო დონე განეკუთვნება იმ საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს გლობალური ინიციატივების დაფინანსება.

მწვანე ეკონომიკის ფორმირება დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელებასთან. სხვა შემთხვევაში, ეკონომიკის ის სტრუქტურები, რaც მოექცევა მწვანე ეკონომიკის ფორმირების სფეროში და არ განახორციელებენ შესაბამის ინვესტიციებს, რიგ შემთხვევაში ტექნოლოგიებში, რიგ შემთხვევაში - ადამიანურ რესურსებში, ვერ შეძლებენ ფეხი აუწყონ სტრუქტურულ ცვლილებებს ეკონომიკაში და შესაძლოა შეწყვიტონ კიდეც ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს  დასაქმებაზე მწვანე ეკონომიკის გავლენაზე. მწვანე ეკონომიკას შეუძლია შექმნას ახალი „მწვანე“ სამუშაო ადგილები ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: განახლებადი ენერგია, მშენებლობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა.        

            არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მწვანე ეკონომიკა გამოიწვევს არსებული სამუშაო ადგილების გაუქმებას თუ არ განხორციელდება ინვესტიციები შესაბამისი მიმართულებით. მწვანე ეკონომიკის ფორმირების პროცესში, სხვა თანაბარ პირობებში, იზრდება კომპანიებისთვის ზღვრული დანახარჯები, ხოლო მცირდება გაყიდვები, რაც, აისახება დასაქმებულთა ნაკლებ რაოდენობაში. თუმცა, მწვანე ეკონომიკაშიც მოიძებნება ადგილი ისეთი ტიპის სამუშაოსთვის, რომელიც დღესაც არის სტანდარტულად ბაზარზე. მაგალითად, მარკეტინგი, გაყიდვების სპეციალისტები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოში მწვანე ეკონომიკას, მას არ აქვს დიდი ხნის ისტორია, თუმცა, მთავრობის შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ის ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და მწვანე ზრდის წახალისებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს გრძელვადიან პერიოდში ბიზნესის დანახარჯების შემცირებას, თუმცა, არაფერია ნათქვამი, თუ რა ხარჯებს მოითხოვს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ,  დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს და წაახალისებს კონკრეტულ ინიციატივებს. მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას, ასევე ეკო და აგროტურიზმის განვითარებას.

ზოგადად, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სოფლის მეურნეობაში მწვანე ეკონომიკა ვერ ქმნის ახალ დამატებით სამუშაო ადგილებს, თუმცა, მას შეუძლია სტაბილური გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყოს ხელი. ზოგადი სიტუაცია დასაქმების მხრივ მწვანე ეკონომიკაში ასეთია:

ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგომარეობის და პოტენციალის შესაფასებლად სხვადასხვა ინდექსი გამოიყენება. მათ შორის გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რომლის მიხედვით, საქართველო ევროპაში 39 ქვეყანას შორის 23-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა.

GGEI ინდექსზე დაყრდნობით, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი გადავიდეს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს ეკონომიკის ის სექტორები, სადაც მოკლევადიან პერიოდში ყველაზე ნაკლები ეკონომიკური და სოციალური დანაკარგი ექნება აღნიშნულ პროცესზე გადასვლას, ასევე, დასაქმების მხრივ იქნება ყველაზე ეფექტიანი. აუცილებელია მწვანე ეკონომიკაზე ყურადღება გამახვილდეს უწინარეს როგორც ეკონომიკურ მოვლენაზე, რომელიც იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს და შემდგომში, როგორც გარემოს დაცვის ერთ-ერთ საშუალებაზე.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა, მაკროეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა საქართველოში.